გაზაფხული შესანიშნავი დროა სამოგზაუროდ. ოპტიმალური ტემპერატურა საშუალებას იძლევა, სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატაროთ შვებულების დღეები.
შეგიძლიათ დაუსრულებლად იხეტიალოთ უცხო ქუჩებში, გადაიღოთ ფოტოები, დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო და გაეცნოთ ახალ კულტურას. არც მცხუნვარე მზე შეგაწუხებთ და არც ზამთრის სიცივე.
საზაფხულო სეზონისგან განსხვავებით, ამ პერიოდში ნაკლები ტურისტი მოგზაურობს. ამიტომ, უფრო მშვიდად შეძლებთ განტვირთვას. ფასებიც შედარებით დაბალანსებულია და შეღავათიან პირობებში იმოგზაურებთ.
შევარჩიოთ ლოკაცია
გაზაფხული ყვავილობის სეზონია. ასეთ დროს ყველაზე სასიამოვნოა ბუნებაში ხეტიალი და ქუჩებში სეირნობა. ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს და ყველაფერი მწვანეა. სწორედ ამიტომ, სასურველია, ისეთი ქვეყანა შეარჩიოთ, სადაც მაქსიმალური სიმძაფრით შეიგრძნობთ სეზონის ცვლილებას.
გაზაფხულზე განსაკუთრებით პოპულარულია იაპონია, რადგან მარტში საკურას ყვავილობა იწყება და მთელი ქუჩები ვარდისფერი ყვავილებით არის მოფენილი. თუ ევროპისკენ გაქვთ გეზი აღებული, იტალიას, ესპანეთს ან პორტუგალიას შეგიძლიათ ესტუმროთ. ამ სეზონზე ისტორიულ ძეგლებსაც კი ახალი რაკურსით დაინახავთ.
გავწეროთ ბიუჯეტი
მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში მეტად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გაწერა. ამაზე არის დამოკიდებული, რამდენ ხანს დაჰყოფთ საზღვარგარეთ, ძვირადღირებულ სასტუმროში გაჩერდებით, თუ შედარებით დაბალბიუჯეტიან ჰოსტელში, რამდენ მუზეუმს მოინახულებთ, სად მიირთმევთ საუზმეს, სადილსა და ვახშამს და ა.შ.
ასე რომ, აუცილებლად დაუთმეთ სათანადო ყურადღება ამ საკითხს. წინასწარ შეარჩიეთ საცხოვრებელი, გადახედეთ ფასებს საკვებზე, ტრანსპორტზე, გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობებზე.
შევარჩიოთ ინტერნეტ პაკეტი
ინტერნეტის გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ უცხო ქვეყანაში ნავიგაცია. ამიტომ, გირჩევთ, რაც შეიძლება მალე შეიძინოთ თქვენზე მორგებული სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტი.
არჩევისას დაფიქრდით, რამდენი დღით აპირებთ დარჩენას, რაში გამოიყენებთ ძირითადად MB-ებს, ფიზიკური SIM ბარათი უფრო კომფორტული გეჩვენებათ თუ ელექტრონული, სტანდარტული პაკეტი უფრო გამოგადგებათ თუ ულიმიტო. გადახედეთ სხვადასხვა მობილური ოპერატორის ტარიფებს და აარჩიეთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებლად იპოვით თქვენს საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებას.
სამოგზაურო დაზღვევა
იმისთვის, რომ მოგზაურობისას თავი უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოთ, აუცილებლად უნდა შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა.
მსგავს სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა გქონდეთ რაიმე ხელჩასაჭიდი, რათა უცხო ქვეყანაში უსუსურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. ამისთვის არის სამოგზაურო დაზღვევა. ასე რომ, აუცილებლად შეიყვანეთ ეს საკითხი მოსაგვარებელი დეტალების სიაში.
შევადგინოთ განრიგი
მას შემდეგ, რაც ლოჯისტიკურ დეტალებს მოაგვარებთ, შეგიძლიათ, მოგზაურობის დაგეგმვის სახალისო ნაწილზე გადახვიდეთ. წინასწარ შეისწავლეთ ის ადგილები, რომლებსაც აპირებთ, ესტუმროთ. მოიძიეთ ინფორმაცია, გადახედეთ მუზეუმების საფასურს და აღრიცხეთ ბიუჯეტში.
არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე დღით რჩებით. იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, მეტი ადგილი ნახოთ და თავგადასავლებით დატვირთული გამოცდილება მიიღოთ, სასურველია, თითოეული დღე წინასწარ გაწეროთ. ჩამოწერეთ იმ ადგილების სია, რომლებსაც აუცილებლად გინდათ, რომ ესტუმროთ.
ამ სიაში შეიძლება იყოს მუზეუმები, ღირსშესანიშნაობები, ისტორიული ძეგლები, ადგილობრივი რესტორნები, პარკები და ა.შ. ყველაფერი ის, რაც დაგაინტერესებთ.
როგორ ჩავალაგოთ ჩანთა
გამგზავრების თარიღი მოახლოვდა და ისღა დაგვრჩენია, ბარგის ჩალაგებაზე ვიზრუნოთ. ეცადეთ, მხოლოდ ის ნივთები წაიღოთ, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ. შეგიძლიათ, წინასწარ მოიფიქროთ, რომელ დღეს – რას ჩაიცვამთ. ამგვარად ზედმეტ ტვირთს მოიშორებთ.
აუცილებლად გადახედეთ ამინდის პროგნოზს და ჩაალაგეთ სეზონის შესაბამისად. აუცილებლად იქონიეთ თან კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რათა ქალაქის დათვალიერებისას ხელი არ შეგიშალოთ.
საჭიროების შემთხვევაში, ჩააწყვეთ აუცილებელი მედიკამენტები, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებები და ყველა ის ნივთი, რომელიც კომფორტის შექმნისთვის დაგჭირდებათ.
შეჯამება
საგაზაფხულო გასვლითი ტური განტვირთვისთვის შესანიშნავი იდეაა. ეს არის საუკეთესო დრო, მშვიდ, წყნარ გარემოში დაათვალიეროთ თქვენთვის საოცნებო ქვეყანა და სამშობლოს აღდგენილი ძალებით დაუბრუნდეთ. იმედია, ჩვენი რჩევები საგაზაფხულო მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ, თუმცა არც ის დაგავიწყდეთ, რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ყველაზე სამახსოვრო ხშირად სწორედ ასეთი სიურპრიზებია.